ADB - Asian Development Bank

08/22/2024 | Press release | Archived content

数据不足阻碍亚太地区应对气候变化

მანილა, ფილიპინები (22 აგვისტო 2024) - პოლიტიკის სპეციალისტები აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში დაბრკოლებებს აწყდებიან კლიმატის ცვლილების საპასუხოდ საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზში. ეს აფერხებს ძალისხმევას რეგიონში, რომელიც გლობალური დათბობის წინაშე მსოფლიოში ყველაზე დაუცველად მიიჩნევა.

რეგიონის ეროვნული სტატისტიკის ზოგიერთი სამსახური აცხადებს, რომ კლიმატზე სამუშაოდ საკმარისი თანამშრომლები არ ჰყავთ, ხოლო სხვებს კლიმატის მონაცემების დამუშავების განყოფილებაც კი არ აქვთ, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) დღეს გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში. გამოკითხულთა უმრავლესობამ ასევე განაცხადა, რომ მრავალი ტიპის დეტალურ გეოგრაფიულ მონაცემებთან საუკეთესო შემთხვევაში "დამაკმაყოფილებელი" წვდომა აქვთ, მათ შორის, კლიმატის ცვლილების მამოტივირებელ მიზეზებთან მიმართებაშიც, როგორიცაა წიაღისეული და ჯამური სათბური აირების გამოყოფა. არ არის ხელმისაწვდომი ძირითადი მონაცემები კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ ეკოსისტემაზე, ინფრასტრუქტურაზე, სპეციფიკურ გეოგრაფიულ ადგილებსა და წყლის უსაფრთხოებაზე.

აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონზე მოდის გლობალური სათბური აირების გამოყოფის ნახევარზე მეტი და სხვა რეგიონებთან შედარებით აქ ყველაზე დიდია ბუნებრივი კატასტროფებისა და კლიმატით გამოწვეული სხვა რისკების დონე. მაღალი ხარისხის მონაცემებისა და მათი ანალიზის გარეშე რეგიონის სტრატეგიისა და პოლიტიკის მკვლევარები ვერ შეძლებენ შექმნან ეფექტიანი და მიზანმიმართული საშუალებები კლიმატის ცვლილების მიზეზებსა და შედეგებთან გასამკლავებლად და ასევე შეაფასონ გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობა.

"აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი კლიმატის ბრძოლის წინა ხაზზეა," განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა. "მომაკვდინებელი სითბური ტალღები და კატასტროფული წყალდიდობები, რომელთა მომსწრე ბოლო თვეებში აღმოვჩნდით, გვაჩვენებს თუ რა მაღალი რისკის ქვეშ ვიმყოფებით. ჩვენ მაღალი ხარისხის მონაცემთა ბაზა გვჭირდება და ძლიერი სტატისტიკური გამწევი ძალა, რათა თავიდან ავიცილოთ სტრატეგიაში შავი ხვრელები და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ კლიმატის კრიზისის დაძლევისკენ გადადგმული ნაბიჯები იყოს სათანადოდ ინფორმირებული. ეს ნიშნავს, რომ გვჭირდება ჩვენს სტატისტიკურ სისტემებში, ადამიანებსა და ინსტიტუციებში ინვესტირება. ამ ნაბიჯების არგადადგმით მიღებული ზარალი იმაზე ბევრად მეტი იქნება, ვიდრე ამ ინვესტიციებში გაწეული ხარჯი."

ADB-ის კვლევის მიხედვით, რომელმაც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის 29 ეროვნული სტატისტიკის სამსახური მოიცვა, "აზიისა და წყნარი ოკეანის 2024 წლის მთავარი ინდიკატორების " ნაწილია. ანგარიშში ახსნილია მონაცემთა ბაზისა და სტატისტიკის გადამწყვეტი როლი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში.

მაგალითისთვის, ზუსტი მონაცემების ქონა კლიმატის ცვლილების შედეგების უფრო ლოკალიზებული მონიტორინგის საშუალებას იძლევა, წარმოადგენს საფუძველს უფრო ეფექტიანი პოლიტიკის საპასუხო ნაბიჯებისთვის, რომელიც მონაცემებსა და რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული. ასევე, შესაძლოა, დეტალური გეოგრაფიული მონაცემები პოლიტიკისთვის პრიორიტეტული ადგილების განსაზღვრასა და რესურსების ყველაზე საჭირო მიმართულებით განკარგვაში დაგვეხმაროს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეროვნული სტატისტიკის სამსახურების გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ შეზღუდული საშუალებები და არასაკმარისი წვდომა კლიმატის მონაცემებზე, არამედ საერთო დეფინიციებისა და მეთოდოლოგიების ნაკლებობა. ნაკლოვანებების მიზეზებზე საუბრისას გამოკითხვის მონაწილეებმა დაასახელეს ტექნიკური თანამშრომლების ნაკლებობა, შეზღუდული ფინანსური საშუალებები, მეთოდოლოგიური და ტექნიკური პრობლემები, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციის ნაკლებობა და კლიმატის ცვლილების მონაცემების შეგროვების არასაკმარის პრიორიტეტად დასახვა.

ანგარიშს თან ახლავს სპეციალური დამატება სტატისტიკური მონაცემებისა და მეტამონაცემების მიმოცვლის (SDMX) სტანდარტზე, რომელიც სრულყოფილ ჩარჩოს წარმოადგენს მონაცემთა აქტივობების დასაჩქარებლად, რაც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკებში ეფექტიანი, მონაცემებსა და ფაქტებზე დაფუძნებული პოლიტიკის შექმნასა და გატარებას შეუწყობს ხელს. SDMX-ის სტანდარტების ათვისება ქვეყნებს ხელს შეუწყობს შეაგროვოს, მიმოცვალოს, გააანალიზოს და გაავრცელოს სტატისტიკური მონაცემები კლიმატის ცვლილების დაძლევის ხელშესაწყობად.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.